რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი რუსეთის ბირთვულ საფრთხეზე: სერიოზულად უნდა მივუდგეთ, უპასუხისმგებლოები არიან

ანალენა ბერბოკი
REUTERS/Lisi Niesner

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსეთის ბირთვული მუქარა სერიოზულად უნდა აღიქვან.

"პუტინი მსგავს მუქარას პირველად არ იყენებს, ისინი უპასუხისმგებლოები არიან და სერიოზულად უნდა მივუდგეთ... მაგრამ ეს ასევე არის ჩვენი დაშანტაჟების მცდელობა". – თქვა ბერბოკმა პოლონეთში, ვარშავაში გამართული ვიზიტის ფარგლებში.

გასულ კვირებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბირთვული შანტაჟი განაახლა. 

პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო ანექსიის გამოცხადების ცერემონიაზე, 30 სექტემბერს თქვა, რომ საკუთარ მიწას არსებული ყველა ძალითა და საშუალებით დავიცავდნენ. ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტი არსებობს. 

აქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

კომენტარები