ევროს კურსი

ევროს ღირებულება დაეცა მას შემდეგ, რაც ევროზონაში ინფლაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

მას შემდეგ, რაც ევროზონაში ინფლაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ევროს ღირებულება დაეცა. თუმცა, პროგნოზებისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მკვეთრი სიგნალების ფონზე, ვარაუდობენ, რომ ევრო ყოველკვირეული ზრდისკენ მიისწრაფვის. 30 სექტემბრის დილის საფონდო ბირჟაზე 1 ევროს ღირებულება $0.97-ია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში ზოგადად უცხოური ვალუტის მერყეობა გაიზარდა, რადგან ინვესტორებს გლობალური მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი აშფოთებთ. კერძოდ, ბრიტანული ფუნტი დოლართან მიმართებით რეკორდულად დაეცა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა უკანასკნელ 50 წელში გადასახადების ყველაზე მასშტაბური შემცირების შესახებ განაცხადა. თუმცა, ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ამჟამინდელმა ღირებულებამ 0.5%-ით იმატა და $1.1235 შეადგინა.

ფუნტისა და ევროს გაუფასურება მსოფლიოში დოლარის გამყარების ტენდენციასაც უკავშირდება. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მაჩვენებელი რეცესიის რისკებსა და რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისს უკავშირდება. ფუნტისა და ევროს დოლართან მიმართებით გაუფასურება ნიშნავს, რომ დოლარში შეფასებული საქონლის იმპორტზე, ნავთობისა და გაზის ჩათვლით, ფასები გაიზრდება.

რაც შეეხება ევროს, ვალუტა დოლართან მიმართებით 20-წლიან მინიმუმზეა მას შემდეგ, რაც ევროზონის კომპანიების საორიენტაციო კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნეს აქტივობამ ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე დიდი შეკუმშვა განიცადა, ხოლო ივნისის შემდეგ ფასები ყველაზე მკვეთრი ტემპით იზრდება.

"სტაგფლაციური შოკი რეალურია და ის ძლიერდება". - თქვა კლაუს ვისტესენმა, Pantheon Macroeconomics-ის ეკონომისტმა.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ზაფხულის დასაწყისიდან საპროცენტო განაკვეთი 125 საბაზისო პუნქტით 0.75%-მდე გაზარდა. ექსპერტების ვარაუდით, ბანკი ოქტომბრისა და დეკემბრის შეხვედრებზე საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო მეტად გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს.

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი, ერთი მხრივ, ინფლაციის შემაკავებელი ინსტრუმენტია, ხოლო, მეორე მხრივ, ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს, რადგან, თანხის იმ ბანკებში განთავსება, სადაც უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, ინვესტორებისთვის უფრო დიდ უკუგებას იძლევა, ვიდრე ისეთი რეგიონის ბანკებში, სადაც რეფინანსირების განაკვეთი 1%-მდეა, მაგალითად, ევროზონაში. 

თუმცა, მონეტარული პოლიტიკის სწრაფი და ხისტი გამკაცრება ხშირად რეცესიის პროცესებს აჩქარებს, შესაბამისად, ევროპის ცენტრალურ ბანკს ფრთხილად და თანმიმდევრულად მოქმედება მოუწევს, რათა ინფლაციის შესაკავებელი და ვალუტის გასამყარებელი ბერკეტი სწორად გამოიყენოს. 

Deutsche Bank-ის ეკონომისტებმა გასულ კვირაში შეამცირეს თავიანთი ზრდის პროგნოზები და განაცხადეს, რომ ენერგეტიკულმა კრიზისმა უკვე გამოიწვია ევროზონის ეკონომიკის შეკუმშვა. მათი ვარაუდით, მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან 2023 წლის მეორე კვარტლამდე ევროზონის ეკონომიკა კუმულაციური 3%-ით შემცირდება. 

რეცესიის რისკზე საუბრობს S&P Global-ის მთავარი ბიზნეს ეკონომისტიც, კრის უილიამსონი. მისი თქმით, გამოკითხვის პერსპექტიული ინდიკატორები ევროზონის მკვეთრ ეკონომიკურ ვარდნაზე მიუთითებს, რაც რეგიონის რეცესიაში ჩავარდნის ალბათობას ზრდის. 

კომენტარები