ევროს კურსი

უკანასკნელ 20 წელში პირველად, ევრო დოლარზე იაფი ღირს

ევრო დოლართან მიმართებით პარიტეტს ჩამოცდა - €1-ს ღირებულება $0.99575-ია. 

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

დოლარის სიძლიერეს ამერიკის ფედერალური რეზერვის ხისტი მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს. ივნისში კომიტეტმა საპროცენტო განაკვეთი 75 საბაზო პუნქტით გაზარდა და ვარაუდობენ, რომ მომდევნო შეხვედრაზე კიდევ უფრო გაიზრდება. 

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი, ერთი მხრივ, ინფლაციის შემაკავებელი ინსტრუმენტია, ხოლო, მეორე მხრივ, ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს, რადგან, თანხის იმ ბანკებში განთავსება, სადაც უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, ინვესტორებისთვის უფრო დიდ უკუგებას იძლევა, ვიდრე ისეთი რეგიონის ბანკებში, სადაც რეფინანსირების განაკვეთი 1%-მდეა, მაგალითად, ევროზონაში. 

თუმცა, მონეტარული პოლიტიკის სწრაფი და ხისტი გამკაცრება ხშირად რეცესიის პროცესებს აჩქარებს, შესაბამისად, ევროპის ცენტრალურ ბანკს ფრთხილად და თანმიმდევრულად მოქმედება მოუწევს, რათა ინფლაციის შესაკავებელი და ვალუტის გასამყარებელი ბერკეტი სწორად გამოიყენოს. 

მაღალია ალბათობა იმისა, რომ უახლოეს მომავალში ევრო გაუფასურებას განაგრძობს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე დიდწილადაა დამოკიდებული, არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და არასტაბილური ფასები კი, ინვესტორებისთვის ევროს ნაკლებად მიმზიდველს ხდის. 

თუმცა, ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ევრო სწრაფად დაუბრუნდება ომამდელ ნიშნულს. ING-ის ანალიტიკოსების აზრით, 2022 წლის მე-3 კვარტალში დოლარი ევროსთან მიმართებით $1.05-იან კურსს შეინარჩუნებს, მე-4 კვარტალში ის $1.08-მდე გაიზრდება, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში 1 ევრო $1.1-ის ეკვივალენტური იქნება.

ING-ის ევროს უახლეს ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ გრძელვადიანი ინფლაციის პროგნოზების ფონზე, ევროპის ცენტრალურმა ბანკის მიერ ივნისში საპროცენტო განაკვეთის გაზრდა უკვე დაგვიანებული ნაბიჯი იყო.

კომენტარები