ევროს კურსი

ევრო დოლართან მიმართებით გამყარდა – მიზეზები და პროგნოზები

ევრო დოლართან მიმართებით გამყარებას განაგრძობს. 19 ნოემბრის მონაცემებით, 1 ევროს ეკვივალენტი $1.0325-ია, რაც ნიშნავს, რომ სექტემბრის ისტორიული ვარდნის შემდეგ ვალუტის ღირებულება 8%-ით გაიზარდა. დასავლელი ეკონომისტები ტენდენციას პოზიტიურად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ შემდეგი წლის ბოლომდე ევრო შესაძლოა ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. 

ევროს გამყარება, პირველ რიგში, ინვესტორების პოზიტიურ განწყობებს უკავშირდება. Reuters-ი წერს, რომ ინვესტორების შეფასებით, ბოლოდროინდელი თბილი ტემპერატურისა და ენერგორესურსებზე ფასების შემცირების ფონზე, ნაკლებსავარაუდოა, რომ ზამთარში კონტინენტზე ბუნებრივი აირის დეფიციტი შეიქმნას. 

ასევე, ინვესტორების დამოკიდებულების ცვლილება გამოიწვია ევროზონის საორიენტაციო კვლევებმაც, რომლის მიხედვითაც, სექტემბერში გერმანიაში სამრეწველო წარმოება იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ამას ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ. გარდა ამისა, ფედერალური სტატიკის ოფისის ცნობით, წინა თვესთან შედარებით წარმოება 0.6%-ით გაიზარდა.

Bloomberg-ის პროგნოზით, ევროს აქვს შესაძლებლობა, შემდეგი წლის ბოლომდე დოლართან მიმართებით მისი ღირებულება $1.10-ს დაუბრუნდეს. ეს მაჩვენებელი უკანასკნელად რუსეთ-უკრაინის ომის პირველ თვეებში დაფიქსირდა მანამ, სანამ ენერგეტიკულმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ვალუტის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია.

Deutsche Bank AG-ის წარმომადგენლების, ალან რასკინისა და ჯორჯ სარაველოსის თქმით, მომავალში ევროს გამყარებისთვის აუცილებელი არ იქნება თუნდაც გეოპოლიტიკური გარემოს მნიშვნელოვანი ცვლილება. პირველ რიგში, მის გამყარებას ხელს აშშ-ს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება შეუწყობს. 

ამასთან ერთად, Deutsche Bank-ი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში, 2023 წლის ბოლოსთვის ევროს პროგნოზებს მინიმუმ 5 აშშ ცენტით გაზრდის.

სექტემბერში ევრომ დოლართან მიმართებით 20-წლიან მინიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც ევროზონის კომპანიების საორიენტაციო კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნეს აქტივობამ ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე დიდი შეკუმშვა განიცადა, ხოლო ივნისის შემდეგ ფასები ყველაზე მკვეთრი ტემპით იზრდებოდა. 30 სექტემბრის დილის საფონდო ბირჟაზე 1 ევროს ღირებულება $0.97 იყო. 

ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასებისა და ინფლაციის ფონზე, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ზაფხულის დასაწყისიდან საპროცენტო განაკვეთი 125 საბაზისო პუნქტით 0.75%-მდე გაზარდა.

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი, ერთი მხრივ, ინფლაციის შემაკავებელი ინსტრუმენტია, ხოლო, მეორე მხრივ, ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს, რადგან, თანხის იმ ბანკებში განთავსება, სადაც უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, ინვესტორებისთვის უფრო დიდ უკუგებას იძლევა, ვიდრე ისეთი რეგიონის ბანკებში, სადაც რეფინანსირების განაკვეთი 1%-მდეა, მაგალითად, ევროზონაში. 

თუმცა, მონეტარული პოლიტიკის სწრაფი და ხისტი გამკაცრება ხშირად რეცესიის პროცესებს აჩქარებს, შესაბამისად, ევროპის ცენტრალურ ბანკს ფრთხილად და თანმიმდევრულად მოქმედება უწევს, რათა ინფლაციის შესაკავებელი და ვალუტის გასამყარებელი ბერკეტი სწორად გამოიყენოს.

24 თებერვლიდან ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერემ და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შემცირებამ გამოიწვია.

კომენტარები