საქართველოს მთავრობა

პრემიერი: ევროპა ფიქრობს, როგორ გაათბოს მოქალაქეები, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს

ევროპაში ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ, იმაზე თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. არ ვაჭარბებ, ეს არის პირდაპირ მათი პირდაპირი საზრუნავი, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მთავრობების.

რატომ, იმიტომ, რომ რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი, ევროპაც ამბობს ეტაპობრივად რუსულ გაზზე უარს და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. 

რატომ მოვყევი ეს? იმიტომ, რომ ამას სჭირდება კარგი გააზრება. ჩვენ ამ ფონზე, ასეთი ვითარების, ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ არათუ მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, სტაბილურობა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, არამედ, უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, თითქმის 60 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა, 20 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, საზოგადოებრივ სამუშაოებს ვგულისხმობ მე, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება, გაფრთხილება, გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, სიმშვიდე, ნაკლები ემოციები, სტაბილურობის შენარჩუნება და კიდევ ვიმეორებ, მაღალი ეკონომიკური ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს.

მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს მოვახერხეთ და ამას სჭირდება შენარჩუნება. მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები