პენსია

2023 წლიდან 70+ ადამიანების პენსია 365 ლარი იქნება, მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 – პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2023 წლის იანვრიდან 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანების პენსია 365 ლარამდე იქნება, მაღალმთიან დასახლებებში კი 440 ლარამდე.  

"ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მლნ. ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია  მაღალმთიან დასახლებებში იქნება 440 ლარამდე. თითქმის 440 ლარი იქნება პენსია. სხვაგან 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი". - თქვა მან.  

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა სოციალური დახმარების 65 ლარით ზრდა. ასევე, პრემიერის სიტყვებით, დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება.  

"მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე - იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. შარშან იყო 100 ლარი და კიდევ გავზარდეთ. ესეც გაგრძელდება - ჩვენი სურვილი არის, რომ იმისდა მიუხედავად, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023-ში და როგორი შემოსავლები, გვინდა, რომ კიდევ გავზარდოთ და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ". - თქვა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები