პენსია

ენმ: პრემიერის განცხადება პენსიონერების დასაქმებაზე მორიგი საარჩევნო ტყუილია

ტაბულა,

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიგი წერეთლის თქმით, მთავრობის პროგრამა, რომელიც პენსიონერების დასაქმებას შეეხება, მორიგი წინასაარჩევნო ტყუილია. წერეთელი ამბობს, რომ პროგრამას "ცხოვრება გრძელდება" კარგი სათაური აქვს, თუმცა "შინაარსობრივად არშესრულებადია".

"საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი არარეალური და ტყუილი დაპირება გასცა. სრულიად ნათელია, რომ ეს წინასაარჩევნოდ ადამიანების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ხელისუფლება მიეჩვია ტყუილების ლაპარაკს. ის არცერთ დადებულ დაპირებას არ ასრულებს და, შესაბამისად, ე.წ. პროგრამა - "ცხოვრება გრძელდება", რომელსაც კარგი სათაური აქვს, შინაარსობრივად აბსოლუტურად არშესრულებადია", - აღნიშნა წერეთელმა.

ენმ-ს წევრის თქმით, სიმართლე ის არის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია დაუსაქმებელი და ამას ყველა კვლევა ადასტურებს. წერეთელი ამბობს, რომ მაშინ, როცა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახლა, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, საქართველოში არსებული 1 მლნ-მდე პენსიონერის დასაქმების დაპირების გაცემას არავინ დაიჯერებს.

"სამუშაო ადგილების ხელოვნურად შექმნა ვერ მოხერხდება, ამას ეკონომიკის განვითარება, ბიზნესის გააქტიურება და მეტი ინვესტიციები სჭირდება, ის რასაც სწორედ ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას ჩვენს პროგრამაში. თანაც, აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი ტიპის საგადასახადო შეღავათების დაწესება ვერ მოხერხდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

ჩვენი ეკონომიკური პროგრამით - გადასახადების შემცირებით, ბიზნესის კეთების გაადვილებით, ბიუროკრატიული ხარჯების მილიარდამდე შემცირებით, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს დაახლოებით 45 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ბევრი ადამიანი იპოვის ახალ სამუშაო ადგილს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში და არ იქნება მხოლოდ სახელმწიფო სამსახურში მყოფთა იმედად, რისი მაგალითებიც დღეს ბევრი გვაქვს, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში ძირითადად ჩინოვნიკების ნათესავები საქმდებიან და ისიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში, რაც ტვირთად აწევს სწორედ ჩვენს გადამხდელებს და ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნა ენმ-ის წევრმა.

წერეთელი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას ამ ტიპის წახალისება სურდა, ეს პენსიის გაზრდით შეიძლებოდა, გაეკეთებინა. ის მოუწოდებს საზოგადოებას, "ნუ აყვებიან ცრუ დაპირებებს და ნუ შევლენ შეცდომაში".

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაანებოს თავი ხალხის მოტყუებას. ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის მანძილზე მათ უამრავი დაპირება აქვთ გაცემული, რომელიც უნდა შეესრულებინათ - იაფი ფული, ტარიფების შემცირება, კრედიტებზე დახმარება, იპოთეკარების დახმარება და ა.შ., რომლებიც ქარმა წაიღო. ასეთივე ტყუილი დაპირებებებით აპირებს ხელისუფლება ამ არჩევნებში მონაწილეობას და ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, ნუ აყვებიან ამ ცრუ დაპირებებს და ნუ შევლენ შეცდომაში", - ამბობს ენმ-ის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი. 

გიგი წერეთლის განცხადებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს მკაფიო ეკონომიკური გეგმა, რომელიც, მისი თქმით, ადამიანების კეთილდღეობას გააუმჯობესებს.

"საგადასახადო შეღავათები, რომელიც საშუალებას მოგვცემს 2017 წელსვე შეიქმნას არანაკლებ 45 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ 150 000 ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მეტი ფული მოსახლეობისკენ მიიმართება და ნაკლები ჩინოვნიკებსა და ბიუროკრატიაზე; ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა; ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა; 2016 წლის ნოემბრიდან ჩვენ გავზრდით სახელმწიფო პენსიას 50 ლარით 230 ლარამდე. ეს ზრდა შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს; შესაბამისად, გაიზრდება ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიაც; ჯანდაცვის სისტემა სოციალურად სამართლიანი გახდება და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ - ღარიბმაც და მდიდარმაც - ერთნაირად ისარგებლოს საბიუჯეტო თანხებით, როგორც ეს ამჟამად ხდება, შემოვიღებთ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტებს ყველასთვის. ეს არის მცირედი ნაწილი იმ პროგრამისა, რომელსაც მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების შემთხვევაში პირდება და აბსოლუტურად რეალურია", - თქვა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქართული ოცნება მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც სპეციალურად პენსიონერებზეა გათვლილი. კვირიკაშვილის თქმით, პროგრამა გულისხმობს პენსიონერთა დასაქმებას და საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაასაქმებენ პენსიონერებს.

ქართული ოცნება ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად პროგრამის პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გეგმავს. იქამდე, პროგრამის დეტალებზე პარტიაში არ საუბრობენ.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 707 ათასი ადამიანი იღებს ხანდაზმულობის პენსიას. პარტიების პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პენსიონერებს ეთმობა.

ეკონომისტთა შეფასებით, პენსიონერთა დასაქმებისთვის შექმნილი ახალი სახელმწიფო პროგრამა წინასაარჩევნო პოპულიზმის სახეს ატარებს, რადგანაც დასაქმების პრობლემა ყველაზე მწვავედ არა პენსიონერებში, არამედ ახალგაზრდებში დგას. თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი პენსიონერთა დასაქმების პორტუგალიურ გამოცდილებას იხსენებს, რასაც საბოლოოდ ახალგაზრდებში უმუშევრობის ზრდა მოჰყვა. ფაქტმეტრის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე კი ამბობს, რომ მთავრობას ყველა ასაკის მოქალაქის მიმართ ერთნაირი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს.

კომენტარები