პენსია

2022 წლიდან პენსია 20-25 ლარით გაიზრდება

საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის თანახმად, მომავალი წლის იანვრიდან პენსია იზრდება. ინდექსაციის წესით, 70 წლამდე საპენსიო ასაკის პირებისთვის პენსია არანაკლებ 20 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის - არანაკლებ 25 ლარით გაიზრდება.

"გაგრძელდება საპენსიო ასაკის პირთა სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო პენსიის ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით ინდექსაციას და უზრუნველყოფს დაბალი გადასახადების პირობებში საპენსიო ასაკის პირებისთვის სოციალური გარანტიების შექმნას და ყოველწლიურად პენსიის დადგენილი წესით ავტომატურ ზრდას (არანაკლებ 20 ლარით − 70 წლამდე საპენსიო ასაკის პირებისთვის და არანაკლებ 25 ლარით − 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის)", - წერია ბიუჯეტის კანონპროექტში.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, პენსიების ზრდისთვის 2022 წლის ბიუჯეტში 285 მლნ ლარია გათვალისწინებული.

პენსიის ინდექსაციის წესი პარლამენტმა 2020 წლის ივლისში დაამტკიცა და ის საპენსიო სისტემის რეფორმირების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, პენსია საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება. საპენსიო სისტემის რეფორმირება ხელისუფლებამ 2019 წელს დაიწყო, როდესაც ძალაში შევიდა კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ.

ინდექსაციის მექანიზმი შემდეგნაირია: 

პენსია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით გაიზრდება, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

კომენტარები