რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: ვგმობ იზიუმში ჩადენილ სიმხეცეს, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის მიერ იზიუმში ჩადენილი დანაშაული "სიმხეცედ" შეაფასა და იგი დაგმო. 

"უმკაცრესად ვგმობ რუსეთის ოკუპაციის დროს ჩადენილ სიმხეცეს უკრაინაში, იზიუმში. დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთ ქმედებებზე. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე", - წერს მაკრონი Twitter-ზე. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იზიუმში 450 ცხედარი აღმოაჩინეს, მათ დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.   

"დღეის მდგომარეობით 450 ცხედარია დაკრძალული, თუმცა არის სხვებიც, ბევრი ადამიანია ცალკე დაკრძალული, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ. გარკვეულ ტერიტორიებზე, ვხვდებით მთლიანი ოჯახის ცხედრებსაც". - თქვა ზელენსკიმ. 

თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ იზიუმში სისასტიკე ბუჩაში ჩადენილ დანაშაულს შეადარა. მან ასევე გაიმეორა კიევის მოთხოვნა, რომ შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის და რუსეთს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა.

"სავარაუდოდ, ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 1 000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე აწამეს და მოკლეს", - წერს რეგიონის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი "ღრმად შეშფოთებულია" მასობრივი საფლავების აღმოჩენით და დასძინა, რომ გაერთიანება "ამ სიმხეცეს უმკაცრესად გმობს".

კომენტარები