რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი უკრაინის კონტრშეტევაზე: რუსულ ჯარებზე ზეწოლას კიევისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ საუბრისას თქვა, რომ უკრაინის კონტრშეტევასა და რუსულ ჯარებზე შემდგომ ზეწოლას "კიევისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება". 

პუტინის თქმით, უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის უალტერნატივო იყო, რათა თავიდან აეცილებინა დასავლეთის მიერ რუსეთის დაშლის მცდელობა. ასევე, პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი უკრაინაში არ ჩქარობს და რომ მიზნები უცვლელია.  

"კიევის ხელისუფლებამ აქტიური კონტრშეტევის წამოწყების შესახებ განაცხადა. ვნახოთ, როგორ განვითარდება და როგორ დასრულდება მოვლენები

ბოლო დროს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელა. დავუშვათ, რომ ეს გაფრთხილებაა. თუ სიტუაცია ასევე განვითარდება, რეაგირება უფრო სერიოზული გვექნება". - თქვა პუტინმა ღიმილით. 

პუტინის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში დამატებითი ტერიტორიების დაკავებას აგრძელებენ და კრემლის მთავარი მიზანი დონბასის სრულად გათავისუფლებაა. 

"მთავარი ამოცანა ცვლილებას არ ექვემდებარება - ჩვენი მიზანი დონბასის მთელი ტერიტორიის გათავისუფლებაა". - თქვა პუტინმა. 

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები