რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: უკრაინის კონტრშეტევა ომის დასასრულის დასაწყისს არ ნიშნავს

Jason Franson/The Canadian Press/AP

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის კონტრშეტევის ოპერაცია ძალიან ეფექტიანია, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს

"რა თქმა უნდა, ძალიან დამაიმედებელია იმის დანახვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიის გათავისუფლება და რუსული ჯარების განდევნა შეძლეს. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ომის დასასრულის დასაწყისი - ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გრძელვადიან პერსპექტივაშიც". - თქვა სტოლტენბერგმა. 

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები