რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებს ხარკოვის ოლქში 5 მოზარდი 1 კვირა სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი – უკრაინა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა ხარკოვის ოლქის სარდაფში ოკუპანტების მიერ დაკავებული ხუთი მოზარდი გაათავისუფლეს.

მათი ინფორმაციით, კუპიანსკში დავალებების შესრულებისას,  მესაზღვრეებმა ერთ-ერთ სარდაფში ოკუპანტების მიერ დაკეტილი 15-დან 17 წლამდე ხუთი მოზარდი იპოვეს.

როგორც გაირკვა,  სარდაფში ოთხი გოგონა და ბიჭი 7 დღე იმყოფებოდნენ. თინეიჯერები, კუპიანსკის, იზუმსკის და ჩუგუევსკის რაიონების მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ.

გათავისუფლებულმა მოზარდებმა თქვეს, რომ ოკუპანტებმა მათთან ერთად ჩაატარეს ფილტრაციის ღონისძიებები, რის შემდეგაც ისინი სარდაფში ახსნა-განმარტების გარეშე ჩაკეტეს.

"მოზარდების მადლიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება დაემართათ ბავშვებს, უკრაინის თავდაცვის ძალებს რომ არ მოეხდინათ ამ ტერიტორიის დეოკუპაცია. გათავისუფლებულ გოგოებთან და ბიჭთან ამჟამად კომპეტენტური ძალოვანი უწყების თანამშრომლები მუშაობენ".- აღნიშნულია განცხადებაში. 


ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები