ნიკო კვარაცხელიას საქმე

"თუ სამართალი ვერ ვპოვე, ახალგაზრდებს ვთხოვ გაერთიანებას" – ნიკო კვარაცხელიას დედა პრემიერს

ნიკო კვარაცხელია

"პირადად მოგმართავთ და გთხოვთ, ფიქრით ხუთი წუთით განიცადეთ ის ტკივილი, როგორი ტკივილითაც ჩვენი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობს, პირადად დაინტერესდით" - ერთი წლის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა  საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავს. იზა ომაძის თქმით, საქმეს დღემდე არ მიეცა სწორი მიმართულება. ის წერს, რომ თუ სამართალი ვერ იპოვა, ნიკოს სახელით ყველა ახალგაზრდას სთხოვს გაერთიანებას.

"არსებობს უამრავი ოპერატიული მასალა, მოწმეთა და თანამზრახველთა ჩვენება, მაგრამ დღემდე საქმეს არ მიეცა სწორი მიმართულება, სამწუხაროდ მკვლელობიდან თითქმის ექვსი-რვა თვის მერე დაიკითხნენ ის პირები, რომელთა სახელები უშუალოდ ფიგურირებს საქმეში!

ბატონო პრემიერო, გთხოვთ განადგურებული ხუთი შვილის დედა, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან, და მოუწოდეთ შესაბამის სტრუქტურებს, წლის თავზე მაინც დაერქვას ყველაფერს და ყველას თავის სახელი, მე, ნიკო კვარაცხელიას დედა, აუცილებლად ნიკოს სახელით გავაკეთებ ყველაფერს, რომ სხვისი შვილები არ აღმოჩნდნენ ჩემი ნიკოს დღეში, მკვლელები, დამკვეთები და თანამზრახველები არიან ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის საშიშნი, საშიში თქვენი, ჩვენი შვილებისთვის, მათი მომავლისთვის, ციხის კედლები კი, არის მათთვის გადარჩენის გზა, იქ უკეთ დაფიქრდებიან საკუთარ გაყიდულ სულზე!

ნიკოს ოჯახი ერთი წლის განმავლობაში მოვუწოდებდით სინანულისკენ მკვლელებსაც, დამკვეთსაც და თანამონაწილესაც, საწყევარი და საძრახისი სიტყვაც არ დაგვცდენია და არც ახლა ვაპირებთ, მაგრამ თუ სამართალი ვერ ვპოვე, ნიკოს სახელით ყველა ახალგაზრდას ვთხოვ გაერთიანებას, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია, ვისაც აღელვებს მისი მომავალი და სამართალს მაინც ვიპოვი!

კიდევ ერთხელ გთხოვთ ბატონო პრემიერო, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან, არ მაქვს ამის სურვილი, მეც თქვენსავით მცირეწლოვანი შვილები მყავს აღსაზრდელი, მომეცით შვილის გლოვის საშუალება" - წერს იზა ომაძე.


23 წლის ნიკა კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს. შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. მათ 17 და 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მიიჩნევს, რპმ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას ითხოვს.

კომენტარები