სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველებმა სამუშაოები ჩაატარეს, თუმცა, უწყების ინფორმაციით, "საეჭვო არაფერი აღმოჩნდა".
"112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მივიდნენ გამნაღმველები. ჩაატარეს ყველა საჭირო სამუშაო. საეჭვო არაფერი აღმოჩნდა". - ამბობენ სუს-ში.
დღეს, 13 სექტემბერს, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს შენობის მიმდებარედ გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობდნენ. აშშ-ს საელჩომ გაავრცელებულ განცხადებაში შსს-ს მადლობა გადაუხადა.
"აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით". - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.