დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანი სომხეთს კვლავ საზღვარზე სროლაში ადანაშაულებს, სომხეთი კვლავ უარყოფს

სომეხი სამხედრო მთიან ყარაბაღში, 2020 წელი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 11 სექტემბერს, საზღვარზე, ლაჩინისა და გადაბეის რაიონებში განლაგებულ აზერბაიჯანულ სამხედრო ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

ამას გარდა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ ქალბაჯარის რაიონში მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს ე.წ. მთიანი ყარაბაღის უკანონო ფორმირებებმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ საპასუხო ადეკვატური ზომები მიიღეს. 

საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ შენაერთებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

აზერბაიჯანმა სომხეთი გასულ დღესაც დაადანაშაულა ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით სროლაში, რაც სომხეთმა უარყო.

მსგავსი ბრალდებები 11 სექტემბრამდე 3-4 სექტემბერსაც გავრცელდა. მაშინ აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა, ერევანი კი უარყოფდა. 6 სექტემბერს კი, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს. 

აქამდე, 31 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამშვიდობო ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ. ამ ფორმატის მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება ხელახლა აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა.

3 აგვისტოს აზერბაიჯანმა ლაჩინის მიმართულებით ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ "კონტრტერორისტული ოპერაცია" ჩაატარა.

ამავე დღეებში, ვითარების დაძაბვის ფონზე, სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბღსა და სომხეთს შორის ახალი მარშრუტით გაადგილების ორგანიზებას მოითხოვდა.

12 აგვისტოს ილჰამ ალიევი ითხოვდა, რომ ლაჩინი, ზაბუჰო და სუსი "უკანონოდ ჩასახლებულ" ხალხს თავისი ნებით დაეტოვებინა და აქ აზერბაიჯანელები დასახლებულიყვნენ.

26 აგვისტოს ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ ლაჩინზე. 

ლაჩინის დერეფანი, რომელსაც რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის ერთადერთ მაკავშირებლად რჩებოდა. 

ლაჩინს 1992 წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობის კონტროლქვეშ იყო.

კომენტარები