რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

კულება: უკრაინამ აჩვენა, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლია, ამისთვის მეტი იარაღი გვჭირდება

REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ამისთვის კიევს პარტნიორი ქვეყნებისგან მეტი იარაღი სჭირდება. 

კულებამ, რომელიც გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან პრესკონფერენციას მართავდა, აღნიშნა, რომ ზოგიერთი მოკავშირე თავდაპირველად ყოყმანობდა იარაღის მიწოდებაზე, რადგან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაპირისპირების ეშინოდა.

"ახლა, მადლობა ღმერთს, ჩვენ აღარ გვესმის ეს არგუმენტი... ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია დავამარცხოთ რუსული არმია. და ამას ვაკეთებთ მოწოდებული იარაღით. და ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ, მით უფრო სწრაფად გავიმარჯვებთ და უფრო სწრაფად დასრულდება ეს ომი", - თქვა მან.

გერმანიამ უკრაინაში თვითმავალი ჰაუბიცები უკვე გაგზავნა, კიევს ასევე სურს, მიიღოს ლეოპარდის მთავარი საბრძოლო ტანკები, მარდერის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და გეპარდის საზენიტო ტანკები. ბერბოკი შემდგომ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა და არ გამორიცხა დასავლური სტილის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდება.

მანამდე, კულება გერმანიას მხარდაჭერის სიმცირისთვის აკრიტიკებდა და შენიშნავდა, რომ ევროპის სახელმწიფოებს შორის შიდა დებატების გამო ფასის გადახდა უკრაინელებს უწევდათ.

კომენტარები