დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

კრემლში არ გამორიცხავენ, რომ თრასის არჩევის შემდეგ, ბრიტანეთთან ურთიერთობები გაუარესდეს

ვლადიმირ პუტინი, სერგეი ლავროვი, დმიტრი პესკოვი
Vanity Fair

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად ლიზ თრასის არჩევის შემდეგ, ის არ გამორიცხავს, რომ მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობები გაუარესდეს. პესკოვის თქმით, ისინი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის უნდა მოემზადონ.

"ლიზ თრასს ჩვენზე კარგი არაფერი უთქვამს. უფრო მეტიც, სინანულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი განცხადებები ჩვენ მიმართ აგრესიული, არამეგობრული და არაკონსტრუქციული იყო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ბევრი არაფერი შეიცვლება". - თქვა პესკოვმა ტელეკომპანია RBK-ს ეთერში.

პესკოვმა აგრეთვე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ირაციონალურ ნაბიჯებს დგამს, რომლითაც საკუთარ ინტერესებს აზიანებს.

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი ლიზ თრასი გახდა. საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 326-მა დაუჭირა მხარი. მისმა მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილეობა პარტიის წევრთა 82.6%-მა მიიღო.

Opinium Research-ის მიერ აგვისტოში ჩატარებულმა შიდაპარტიულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ლიზ თრასის მხარდაჭერის სამი მთავარი მიზეზი სუნაკის მიმართ ცუდი განწყობა, მისი სანდოობა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ ერთგულება იყო. სუნაკი ერთ-ერთი იყო იმ მინისტრთაგან, რომელთა გადადგომის შედეგადაც ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა.

კომენტარები