დიდი ბრიტანეთი

"არავინაა შეუცვლელი" – ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ჯონსონის თქმით, ახლა ცხადია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ მათ ახალი ლიდერი და შესაბამისად ახალი პრემიერმინისტრიც სურთ. მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის ვადები ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება. 

ბორის ჯონსონმა დანიშნა მინისტრთა ახალი კაბინეტიც და აღნიშნა, რომ მოვალეობის შესრულებას მანამ გააგრძელებს, სანამ პარტიის ახალი ლიდერი მის ამჟამინდელ თანამდებობას არ დაიკავებს.

ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ "პოლიტიკაში არავინაა შეუცვლელი".

"ჩვენი შესანიშნავი დარვინული სისტემა ახალ ლიდერს წარმოშობს". – თქვა ჯონსონმა და დაამატა, რომ ჩამნაცვლებელს შეძლებისდაგვარად დაეხმარება. 

ჯონსონმა გამოხატა წუხილი ოპონენტების მიმართ.

"ვნანობ, რომ დავაში წარუმატებელი ვიყავი და მტკივნეულია ამდენ იდეისა და პროექტის ვერდანახვა". – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.

მან ასევე თქვა, რომ მისი ძალაუფლებაში დარჩენის არგუმენტები ვესტმინსტერში "ჯოგური ინსტინქტის" გამო უგუნებელყვეს.

"მინდა იცოდეთ, ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ, მაგრამ ცხოვრება ასეთია". – გამოხატა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებული წუხილი ბორის ჯონსონმა.


5 ივლისს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობი დატოვეს, რადგან მათ პრემიერმინიტრ ბორის ჯონსონთან თანამშრომლობა არ სურთ. გადადგა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კიდევ რამდენიმე შედარებით დაბალი რანგის მაღალჩინოსანიც. 

ბორის ჯონსონმა ფინანსთა მინისტრად ნადიმ ზაჰავი დანიშნა, ჯანდაცვის მინისტრად კი - სტივ ბარკლაი. თუმცა, The Guardian-ის ცნობით, ვითარება მაინც დაძაბულია, რადგან, სხვადასხვა ინფორმაციით, ნადიმ ზაჰავის სურს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თანამდებობის დაკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში გადადგომით იმუქრება.

"...საზოგადოება ხელისუფლებისგან სწორ, კომპეტენტურ და სერიოზულ მოქცევას სამართლიანად ელის. ვაცნობიერებ, რომ ეს, შესაძლოა, ჩემი ბოლო სამუშაო იყოს მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა, მწამს, რომ ამ სტანდარტებისთვის ბრძოლა ღირს და ამიტომ ვტოვებ თანამდებობას". – წერდა რიში სუნაკი წერილში, რომლითაც მან ბორის ჯონსონს მიმართა.

"მე, ბუნებრივად, ჯგუფური მოთამაშე ვარ, თუმცა ბრიტანელი ხალხი ასევე სამართლიანად ელის მათი ხელისუფლებისგან პატიოსნებას". – წერია საჯიდ ჯავიდის წერილში. 

საჯიდ ჯავიდი წერილში ასევე წერდა, რომ სიტუაცია ბორის ჯონსონის მმართველობის ქვეშ არ შეიცვლება და შესაბამისად, მან მის მიმართ ნდობა დაკარგა. 

ჯავიდისა და სუნაკის გადადგომას ათეულობით მინისტრისა და მაღალი თანამდებობის გადადგომა მოჰყვა.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ბორის ჯონსონი პოლიტიკური კრიზისის პირისპირ დგას. გასულ თვეში ბრიტანეთის პარლამენტმა განიხილა ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა. ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია. ჯონსონი შესაძლოა კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობის პირისპირ.

ბორის ჯონსონის უნდობლობის საკითხის პარლამენტში დაყენება ე.წ. ფართიგეითის სკანდალს მოჰყვა, რომელიც პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევით მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების გამართვას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.

ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. პრემიერმინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.

მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული, აკრძალული იყო ხალხმრავალი შეკრებები. ნებადართული იყო მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა ღია სივრცეში. სამუშაო შეხვედრები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა.

კომენტარები