რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: რუსეთმა უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმები, შესაძლოა, კვირის ბოლომდე გამოაცხადოს

ჯონ კირბი

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ რეფერენდუმი, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაცხადოს. ამ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 25 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს აპირებს.

"რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურ პირებს დაავალა, რომ ფიქტიური რეფერენდუმების ჩასატარებლად მომზადება დაიწყონ. შესაძლოა, რუსეთმა პირველი ან რამდენიმე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განცხადება უკვე მიმდინარე კვირის ბოლომდე გააკეთოს. პოტენციური ოლქები, სადაც რუსეთმა, შესაძლოა, რეფერენდუმები გამოაცხადოს, არის დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე". - ამბობს კირბი.

კირბის განცხადებით, აშშ ელის, რომ რუსეთი რეფერენდუმების შედეგებით მანიპულაციას მოახდენს და მცდარ ინფორმაციას გაავრცელებს, რომ უკრაინელ ხალხს რუსეთთან შეერთება სურს.

"აშშ-მა და საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების ნებისმიერი მცდელობა ლეგიტიმურად არ განიხილება". - თქვა კირბიმ.

კირბი ამბობს, რომ აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები შეშფოთებული არიან, რომ დაგეგმილ რეფერენდუმებზე დაბალი აქტივობა იქნება.

აქამდე არსებობდა ინფორმაცია, რომ რუსეთი რეფერენდუმების ჩატარების თარიღად 11 სექტემბერს გამოაცხადებდა, როდესაც, პარალელურად, რუსეთის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს.

კომენტარები