ქართული ოცნება

GDI: კომუნიკაციების კომისია აგრძელებს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) კომუნიკაციების კომისიის მიერ ქართული ოცნების სარჩელის გამო მთავარი არხის, ფორმულასა და TV პირველის დასანქცირებას ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, კომისია მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

"ქართული ოცნება არც მალავს, რომ მისი მიზანია კომისიაში წარმოების გზით შეზღუდოს პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გავრცელება საზოგადოებაში, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია დემოკრატიის საბაზისო პრინციპებთან.

სამწუხაროდ, კომუნიკაციების კომისიამ მსგავსად მისი წინარე პრაქტიკისა, არც ამ შემთხვევაში გაითვალისწინა მაუწყებლების სამართლებრივად დასაბუთებული პოზიცია და ის საფრთხეები, რაც თან ახლავს მედიის თავისუფლების უკანონო, დაუსაბუთებელ შეზღუდვას. მეტიც 2022 წლის 16 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ის არსებული სტანდარტების საწინააღმდეგოდ, იმის თქმასაც არ ერიდება, რომ რეკლამის კანონიერების საკითხი შემხებლობაში არაა გამოხატვის თავისუფლებასთან". – ნათქვამია GDI-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას მიუთითებს შემდეგი გარემოებები:

  • კომისიამ საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ამ საკითხის მომწესრიგებელი რეგულირება კანონმდებლობაში არ არსებობს. შესაბამისად, კომისიას არ გააჩნია არც იმის მანდატი წინასაარჩევნო პერიოდის მიღმა, შეაფასოს პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი, ვინაიდან თავად პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდით არის შემოფარგლული. შედეგად, კომისია გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას და შეითავსა საქართველოს პარლამენტის, ნორმაშემოქმედის ფუნქცია;
  • თუნდაც დავუშვათ რომ, კომისიას აქვს უფლებამოსილება შეაფასოს და გადაწყვიტოს პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში (არაწინასაარჩევნო პერიოდში) განთავსების საკითხი, კომისია არ ხელმძღვანელობს კანონმდებლობაში არსებული დეფინიციებით, რომელიც პოლიტიკური და სოციალური რეკლამების განსამარტად არის მოცემული. შედეგად, დაუსაბუთებელია სადავო ვიდეო რგოლის პოლიტიკურ რეკლამად მიჩნევის საკითხი, მაშინ როდესაც ვიდეო არ აკმაყოფილებს პოლიტიკური რეკლამისთვის კანონში მოცემულ შესაბამის წინაპირობებს;
  • მიუხედავად იმისა, რომ სადავოდ ქცეული ვიდეორგოლები მიემართებოდა საჯარო დისკუსიის შემადგენელი საკითხის გარშემო (კერძოდ ევროკავშირში ინტერგაციას და მასთან დაკავშირებით დაანონსებულ აქციას) საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კომისიამ სადავოდ ქცეული ვიდეორგოლები არ დააკვალიფიცირა "სოციალურ რეკლამად";
  • კომისიის გადაწყვეტილება ფაქტობრივად ეფუძნება ქართული ოცნების, "სამომავლო საარჩევნო სუბიექტად" დაკვალიფიცირებას, რაც გონივრულობის ფარგლებს მოკლებულია, ვინაიდან კანონმდებლობა არ სცნობს "სამომავლო საარჩევნო სუბიექტის" ცნებას. წინასაარჩევნო პერიოდის მიღმა კი "საარჩევნო სუბიექტი" არ არსებობს და შეუძლებელია დღეს იმის თქმა, რამდენად იქნება საერთოდ ქართული ოცნება წარმოდგენილი საარჩევნო სუბიექტად ორი წლის შემდეგ, ან რამდენად იქნებიან ვიდეორგოლში ასახული პირები ქართული ოცნების წარმომადგენლები იმ მომენტისათვის.
  • ამასთან, კომისია, ქართული ოცნების მსგავსად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ მიჯნავს აღნიშნულ პირთა პარტიული მიკუთვნებლობისგან. შედეგად, დაუსაბუთებელია, რატომ უნდა მივიჩნიოთ ქართული ოცნება დაინტერესებულ პირად, მაშინ როდესაც ვიდეორგოლში არა უბრალოდ პარტიის წევრები, არამედ პოლიტიკური/სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირები ფიგურირებენ, რომლებიც განცხადებებს სწორედ სახელმწიფოს სახელით აკეთებდნენ.
  • კომისიამ არც ევროსასამართლის ზოგადი სტანდარტი გაითვალისწინა, რომლის თანახმადაც, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ის, თუ რამდენად შეაქვს საჯარო დისკუსიაში წვლილი სადავო გამოხატვას და რა უფრო მნიშვნელოვანი სიკეთეა: კონკრეტული პარტიის პირადი მისწრაფებები – გადაჭრას ყველა გზა მისი კრიტიკისათვის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ არსებობდეს სოციალური შინაარსის მატარებელი ვიდეორგოლების გავრცელების შესაძლებლობა, რომლის უმთავრესი მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშეწყობაა.

"შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კომისიის თვითნებური და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიების დისციპლინირებას მიემართება. კომისია არაგანჭვრეტადი სამართლებრივი წესის საფუძველზე, გაუმართლებლად ლახავს  გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებრივ სფეროს და ძირს უთხრის მედიაპლურალიზმს, რაც მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე". – ნათქვამია GDI-ის განცხადებაში.

განხილულ საქმეზე GDI ტელეკომპანია ფორმულას ინეტერსებს იცავდა.

კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნების საჩივრის საფუძველზე მთავარი არხი 118 688.67 ლარით დააჯარიმა, ხოლო ტელეკომპანია ფორმულა და TV პირველი წერილობით გააფრთხილა.

ქართულმა ოცნებამ შინ ევროპისკენ კამპანიის ვიდეორგოლის გაშვებისთვის მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს კომუნიკაციების კომისიაში 9 აგვისტოს უჩივლა და არხებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვა. ქართული ოცნების საჩივრის მიხედვით, სამ არხზე 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი რეკლამის განთავსება და გავრცელება კანონდარღვევაა.

სადავო ვიდეორგოლი სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული კამპანიის – შინ ევროპისკენ ფარგლებშია მომზადებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ისმენენ ოჯახის წევრები ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს, ვიდეოს ბოლოს კი 24 ივნისს გამართული აქციის ანონსი ჩნდება.

კომენტარები