დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

"მოკეტეთ" – კიმ ჩენ ინის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის შეთავაზებაზე

კიმ იო ჯონგი

"უნდა მოკეტოს". - ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და - კიმ იო ჯონგი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის შეთავაზებას ასე გამოეხმაურა. სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს ბირთვულილი განიარაღების სანაცვლოდ ეკონომიკურ დახმარებას დაჰპირდა. 

"მისივე იმიჯისთვის სჯობს, რომ მოკეტოს, თუ უკეთესი სათქმელი არაფერი არ აქვს. არავინ არ ცვლის საკუთარ ბედს სიმინდის ნამცხვარზე". - აღნიშნა მან და პრეზიდენტის შეთავაზებას "ბავშვური" უწოდა. 

ეს პირველი კომენტარია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაკეთდა იუნ სუკ იოლის გეგმაზე, რომელსაც თავად "გაბედულს" უწოდებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ეს "გაბედული გეგმა" ჯერ კიდევ მაისში წარადგინა. გასულ კვირას კი პრეზიდენტობის 100 დღის შეჯამებისას შეთავაზებაზე ისევ ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ იუნმა თქვა, რომ მზადაა ჩრდილოეთ კორეას ეტაპობრივი ეკონომიკური დახმარება გაუწიოს, თუ ის დაასრულებს ბირთვული იარაღის განვითარებას და დაიწყებს დენუკლეარიზაციას, ის ასევე ითხოვს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო შეკავების ზრდას.

მაისში აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და იუნ სუკ იოლი საერთო სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. წვრთნების მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კორეის შეკავებაა, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას ცდილობს. 

კიმ იო ჯონგი ბოლო წლებში სამხრეთ კორეის ხმამაღალი კრიტიკოსი გახდა. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ იგი "ცუდი პოლიციელის" როლს ასრულებს, რადგან მის ძმასთან შედარებით მეტად ხისტი კომენტარები გამოირჩევა. 

კომენტარები