თბილისის მერია

60+ პირებს მერია აუზზე ცურვისა და ფიტნეს დარბაზის მომსახურებას დაუფინანსებს

60 წლისა და 60 წელს გადაცილებულ პირებს თბილისის მერია აუზზე ცურვისა და ფიტნეს დარბაზის მომსახურებას დაუფინანსებს. სპორტი უფროსი თაობისთვის პროგრამის შესახებ დადგენილება 9 აგვისტოს არის გამოცემული და ძალაში იმავე დღეს შევიდა.  

პროგრამაში ჩასართავად მოქალაქე თბილისში უნდა იყოს რეგისტრირებული. 

"მოსარგებლეებს ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს  თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.

მოსარგებლეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში". - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში არაუმეტეს 300 ადამიანი დაფინანსდება. 

მოსარგებლეებმა მომსახურების მიმწოდებელს უნდა წარუდგინონ:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • ცნობა, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან რეგისტრაციის ადგილის შესახებ.
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა)

მოქალაქეებს შეუძლიათ, საცურაო აუზი ან/და ფიტნეს დარბაზი თავად აირჩიონ. 

კომენტარები