ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნიმ სარჩელი შეიტანა კოლონიის წინააღმდეგ, სადაც სასჯელს იხდის

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ სარჩელი შეიტანა ვლადიმირის ოლქის მე-6 კოლონიის წინააღმდეგ, სადაც ის სასჯელს იხდის.

ნავალნის სარჩელი უკავშირდება კოლონიის ადმინისტრაციის უარს, რომ ადვოკატისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ პროდუქციის დამკვეთზე, რომელსაც კოლონიაში აწარმოებენ. 

ვლადიმირის რეგიონალური გენერალური იურისდიქციის სასამართლოს ერთობლივი პრესსამსახურის ცნობით, ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის მიზეზი იყო "მყიდველის თანხმობის არარსებობა მათი პროდუქციის წარმოების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში".

ნავალნი და მისი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ კანონით არ არსებობს ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის ასეთი საფუძველი და რომ უარი არაგონივრულია.

ეს ნავალნის პირველი სარჩელი არაა მე-6 კოლონიის ხელმძღვანელობაზე. ივლისში ალექსი ნავალნის თქვა, რომ  დედასთან და ცოლთან დარეკვის უფლებას არ აძლევენ.

ალექსეი ნავალნი პროკოვის კოლონიაში "ივ როშეს" საქმეზე იხდიდა სასჯელს. მას 2021 წლის 2 თებერვალს სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

"ივ როშეს" საქმეზე დაკავებამდე ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის 2020 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია.

რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

კომენტარები