დიდი ბრიტანეთი-საქართველო

ბრიტანეთის საელჩო: მწუხარებით ვიგონებთ ომში დაღუპულებს, ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო TWITTER-ზე წერს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გამოხატავს. 

"დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულებს. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია".- აღნიშნავს საელჩო. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, 21:00-ზე, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – აქციას გამართავს. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.

"საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა. წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა წინაშე ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ. რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო". - ვკითხულობთ ორგანიზატორთა განცხადებაში. 

კომენტარები