დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებით ეხმაურება და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რეჟიმის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას.
საელჩო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზანს არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება წარმოადგენს
ბრიტანეთი ივანიშვილის რეჟიმს მოუწოდებს, " გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად".
"დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინათ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება.
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობასა და ინფორმაციის თავისუფლებას, სამართლებრივი დახმარების გაწევას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქალებისა და ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას. მათი დახურვა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო შეასუსტებს დემოკრატიული დაცვის მექანიზმების არსებობას და ანგარიშვალდებულებას ქვეყანაში.
ასევე, გვინდა აღვნიშნოთ ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭოს ბოლო მოსაზრება, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო სექტორის შესახებ მიღებული კანონის განხორციელება „მძიმე და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას“ და წინააღმდეგობაშია იმ მრავალ ვალდებულებასთან, რომელიც საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, იკისრა.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად" - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.
დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის.





