დიდი ბრიტანეთი-საქართველო

პაპუაშვილი: უმჯობესია UK-ს ელჩმა გასცეს პასუხი - რატომ აფინანსებდა ექსტრემისტულ ტაბულას

ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დიდი ბირტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. 

პაპუაშვილის თქმით, უმჯობესია თუ ბრიტანეთის ელჩი გასცემს პასუხს "ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვას" - რატომ აფინანსებდა ტაბულას.

"მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი საკუთარ ქცევაზე გასცემდა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვას პასუხს: რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ევრონაცების "ტაბულას" და ნაცების "გია ჯაფარიძის" დაფინანსებას, რომელთა გაცხადებული მიზანი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა, ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მიზანია "საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება, შუღლის დათესვა და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება" - წერს პაპუაშვილი.

დღეს, 25 ივლისს, დიდი ბირტანეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა სადაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთიდან კიბერუსაფრთხოების კუთხით მომავალ საფრთხეებზე იყო საუბარი. საელჩო წერს, რომ რუსეთის მტრულ ქმედებების საპასუხოდ სანქციები დაუწესეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტსა და 4 ორგანიზაციას. 

"2019 წლის ოქტომბერში საქართველოც გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მხრიდან დამაზიანებელი კიბერშეტევის მსხვერპლი. 2020 წლის თებერვალში გაერთიანებულმა სამეფომ და მისმა პარტნიორებმა გამოავლინეს, რომ ეს შეტევები იყო რუსეთის ხანგრძლივი მტრული დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი. გაერთიანებულმა სამეფომ მკაფიოდ განაცხადა, რომ გრუ-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები საქართველოს სუვერენიტეტის შესასუსტებლად, შუღლის დასათესად და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შესაფეხერბლად იყო მიმართული.

გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გაერთიანებული სამეფო და საქართველო ერთად მუშაობდნენ კიბერ-მედეგობის გასაძლიერებლად და ამ შეტევის საჯაროდ დასამტკიცებლად. სამწუხაროდ, ქართული ოცნება ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც" - წერს ბრიტანეთის საელჩო.

ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩოს მიერ, 11 ივნისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ იყო დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა.

საელჩოს ინფორმაციით, "ამ გაურკვევლობის გამო", გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას".

ტაბულამ მოიგო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი, 50 000 ფუნტის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას.

კომენტარები