ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი "არამეგობრულს" უწოდებს ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ და კვლავ ტაბულას ახსენებს - გამოცემას კი "თამარ ჩერგოლეიშვილის პარტიული კედლის გაზეთად" მოიხსენიებს.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დაბლოკა ტაბულას მიერ მოგებული გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი, 50 000 ფუნტის ოდენობით, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას უნდა მოხმარებოდა.
"საზოგადოებას შევახსენებ, რომ, სულ რამდენიმე კვირის წინ, დიდი ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებისთვის ფულის მიცემას, კერძოდ, თამარ ჩერგოლეიშვილის პარტიული კედლის გაზეთი "ტაბულასთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" მე-5 ნომრის, გია ჯაფარიძის რადიკალური ორგანიზაცია "მომავლის აკადემიისთვის".
ორივე შემთხვევაში, დაფინანსების მცდელობის საბაბი იყო, მათ მიერ, თითქოს, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტური მასალის მომზადება და არჩევნებზე დაკვირვება. ეს მაშინ, როცა ორივე სუბიექტის გაცხადებული მიზანი არჩევნების ჩაშლაა.
რა თქმა უნდა, ამან საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური ეჭვი, რომ საელჩოს მიზანი, შესაძლოა, არა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაში ხელის შეწყობა, არამედ არჩევნების საბოტაჟის მიზნის მქონე პირების ფინანსური გაძლიერება ყოფილიყო.
მე, მაშინ, მოვუწოდე საელჩოს, რომ, ამ საკითხზე ეჭვების გასაფანტად, ყოფილიყო სრულად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აეხსნა, თუ როგორ აღმოჩნდა, რომ საელჩო პარტიული, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ცდილობდა და ასევე გაესაჯაროებინა, თუ ვის აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების პერიოდში.
ტრადიციულად, საელჩომ, ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები უპასუხოდ დატოვა. სანაცვლოდ კი, ქართველი ხალხის მიმართ, მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ." - წერს პაპუაშვილი.
27 აგვისტოს ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.
დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის.





