ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას

Tai Dundua / Shutterstock

რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა - ამასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კომენტარს ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ევროკავშირის გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას.

"კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. "ბორდერიზაციის", გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. კვლავ მოვუწოდებთ ანგარიშვალდებულებისკენ, მათ შორის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული  მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.

კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

​​​​​​​​​​​​​​შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, 21:00-ზე, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – აქციას გამართავს. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.

"საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა. წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა წინაშე ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ. რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო". - ვკითხულობთ ორგანიზატორთა განცხადებაში. 

კომენტარები