რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ჯარები შეტევას ორი მიმართულებიდან ცდილობენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ჯარები შეტევას ორი მიმართულებიდან ცდილობენ. მათი ინფორმაციით, ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში იერიში სცადეს ავდეევკისა და ბახმუტის მიმართულებიდან. ასევე, ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

უკრაინული მხარის ცნობით, დონეცკის ოლქში ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა მოკლეს 7 მშვიდობიანი მოქალაქე, 9 კი დაიჭრა. ყველაზე დიდი მსხვერპლი კი ქალაქ ტორეცკშია, სადაც ოკუპანტებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს. პარალელურად, რუსი სამხედროების სარაკეტო იერიშები განხორციელდა დნეპროპეტროვსკზე.

უკრაინელთა ცნობით, ნიკოპოლის მიმართულებით 40 რეაქტიული ჭურვი ისროლეს, რომლის შედეგადაც დაზიანდა 10 საცხოვრებელი სახლი, ერთ-ერთ საწარმოში კი ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში რუსული არმიის კუთვნილი საბრძოლო მასალის რამდენიმე საწყობი გაანადგურეს. მათ შორის, განადგურებულია სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემები, რადიოლოკაციური სადგური და 9 ჯავშანმანქანა. ასევე, მოკლულია 39 ოკუპანტი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები