დაძაბულობა კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე

კოსოვომ ეთნიკურ სერბებთან დაძაბულობის გამომწვევი კანონის ცვლილება გადადო

კოსოვოს სპეციალური ძალების წარმომადგენლები საზღვართან 2021 წლის დემონსტრაციების დროს
Reuters

კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაძაბულობის გამომწვევი ახალი კანონის მიღება გადადო.

კანონი მანქანის სანომრე ნიშნებს. კანონის ცვლილების შემთხვევაში კოსოვოში ეთნიკური სერბების უმრავლესობის რაიონებში სერბული სანომრე ნიშნების კოსოვოს ნომრებით ჩანაცვლება მოუწევდათ. იგეგმებოდა სერბეთიდან კოსოვოში შესვლის კანონის ცვლილებაც. 

კოსოვოელი სერბები სერბეთის საზღვართან შეიკრიბნენ და ორი გამშვები პუნქტი სატვირთო მანქანებითა და ბარიკადებით გადაკეტეს.

კოსოვოს მთავრობამ მანქანის ნომრებზე კანონის მიღება 1-ელ სექტემბრამდე გადადო. გადაწყვეტილება აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

აშშ-ს ელჩმა კოსოვოში თქვა, რომ მან მთავრობას კანონის ცვლილების 30 დღით გადადება ურჩია, რადგან, მისი თქმით, გადაწყვეტილება არასწორად იქნა გაგებული.

აქამდე NATO-ში სიტუაცია დაძაბულად შეაფასეს, კოსოვოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურმა მისიამ, KFOR-მა კი გამოაცხადა, რომ მზად არიან ინტერვენციისთვის, თუ სტაბილურობა საფრთხეში ჩავარდება. 

მანქანის სანომრე ნიშნებზე კანონის ცვლილებას დაძაბულობა 2021 წლის სექტემბერშიც იყო, როდესაც კოსოვოელმა სერბებმა იგივე გამშვები პუნქტები გადაკეტეს.


2021 წლის სექტემბერში კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელი სერბების დემონსტრაცია მოჰყვა კოსოვოს ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც სერბეთიდან შემომავალ ავტომობილებს საკუთარი რეგისტრაციის ნომრის გამოყენება არ შეეძლებოდათ და მის ნაცვლად მანქანისთვის უნდა დაეყენებინათ კოსოვოს დაბეჭდილი დროებითი ნომერი, რომელიც გამოსადეგი 60 დღის განმავლობაში იქნებოდა. 

კოსოვოს მთავრობის განმარტებით, ეს რეგულაცია იყო 2008 წელს სერბეთის მიერ დაწესებული ასეთივე შეზღუდვის პასუხი. 2008-ში კოსოვომ, რომელზეც სერბეთმა კონტროლი 1999 წელს NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

2021 წლის რეგულაციის საპასუხოდ, კოსოვოელმა სერბებმა სატვირთო მანქანებით კოსოვო-სერბეთის საზღვართან ჯაჭვი შექმნეს და ორი მთავარი გზა გადაკეტეს, რამაც ორ ქვეყანას შორის ვითარება დაძაბა. ევროკავშირი და NATO მხარეებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა.

უთანხმოება გადაიზარდა ძალადობაშიც. 2021 წლის 26 სექტემბერს ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც დაძაბული ვითარება იყო, თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ შენობას, მათ შორის მანქანების რეგისტრაციის ოფისს. 

2021 წლის დაძაბულობის დროს სერბეთმა კოსოვოს საზღვართან სამხედრო მანევრები ჩაატარა. ასევე, სერბეთის МиГ-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა გადაუფრინეს კოსოვოს იარინიეს გამშვებ პუნქტს, სადაც სერბი დემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი.

პასუხად, NATO-ს კოსოვოს მისიის, KFOR-ის ძალების 5 000 კაციანმა კონტინგენტმა, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს, გააძლიერა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება, მეტი მიმართულებითა და ხანგრძლივობით.

საბოლოოდ, მხარეები ევროკავშირის შუამდგომლობით დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები