ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

ხანგოშვილის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა

ზელიმხან ხანგოშვილი

ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენის გამოტანის შემდეგ, გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. ინფორმაცია ადგილობრივი გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. გერმანიის სასამართლომ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

გამოცემის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთის ელჩი დაიბარა და მას ორი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება შეატყობინა. მისი თქმით, "სახელმწიფოს დაკვეთით მკვლელობა" გერმანიის კანონსა და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.


საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში. მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტია.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

2020 წლის იანვარში ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", — ნათქვამია განცხადებაში. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

კომენტარები