Credit Suisse

Credit Suisse-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

შვეიცარული ბანკი Credit Suisse Group AG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას გოთშტაინმა თანანმდებობა დატოვა, 1-ელი აგვისტოდან მას ულრიხ კიორნერი ჩაანაცვლებს. ასევე, ბანკი აცხადებს, რომ ატარებს სტრატეგიის ყოვლისმომცველ მიმოხილვას. ამის შესახებ განცხადებას თავად ბანკი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ბანკი გარკვეული შიდა ცვლილებებისთვის ემზადება, რაც კლიენტებსა და მეწილეებს მომსახურებას გაუუმჯობესებს. 

გოთშტაინის თქმით, პირადი და ჯანმრთელობის მიზეზების გამო, ასევე მას შემდეგ, რაც Credit Suisse-ის თავმჯდომარესა და საკუთარ ოჯახს დაელაპარაკა, გადაწყვიტა, რომ გადადგომისთვისა და ახალი ხელმძღვანელობისთვის გზის დათმობისთვის კარგი დრო იყო, რათა მათ სრულად შეძლებოდათ დასახული ინიციატივების მიღწევას.

გოთშტაინის დირექტორობის დროს ბანკს რამდენიმე სასამართლო დავა მოუწია და ამას გარდა 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი ნახა.

Credit Suisse-ი არის ბანკი, რომელთანაც რამდენიმე სასამართლო დავა აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. გასულ თვეებში ივანიშვილმა ბანკთან ერთი დავა მოიგო. 

შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონზე მეტი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს. ბანკს ამ დავის წაგების შედეგად ივანიშვილისთვის $500 მილიონის გადახდა მოუწევს.

ბანკის მტკიცებით, ლესკოდრონი, რომელიც 2018 წელს გაასამართლეს, "მარტოხელა მგელი" იყო და თაღლითურ საქმიანობას მალავდა. 2020 წლის აგვისტოში ლესკოდრონმა თავი მოიკლა.

ამას გარდა, იურიდიული ფირმა ემ ქეი დი-ს 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის 7 ივნისის რეზოლუციაზეა საუბარი. ემ ქეი დი-ს ცნობით, "ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე".

ქართული ოცნების დამფუძნებლის უფლებადამცველი კომპანიის შეფასებით, "რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან". მათივე განცხადებით, "კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები მასზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი".

კომენტარები