NATO

The Telegraph: ბორის ჯონსონი NATO-ს გენერალური მდივნის კანდიდატურაზე განიხილება

ბორის ჯონსონი მადრიდის სამიტზე

ბრიტანული გამოცემა, The Telegraph-ი წერს, რომ ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი NATO-ს გენერალური მდივნის კანდიდატურაზე განიხილება.

როგორც გამოცემა წერს, ჯონსონს ამ კანდიდატურაზე მხარს უჭერენ ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში. ამ კანდიდატურას მხარს უჭერენ უკრაინელი პარლამენტარებიც. ბორის ჯონსონი ბოლო ბრიტანელია, რომელიც NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე განიხილება, აქამდე ვარაუდობდნენ თავდაცვის მინისტრ ბენ უოლასსაც და ყოფილ პრემიერმინისტრებს, ტერეზა მეისა და დევიდ კამერონს. თანამდებობის დაკავებისთვის, ბორის ჯონსონს პარლამენტის დატოვება მოუწევს. 

გენერალური მდივანი NATO-ს ყველა წევრმა ქვეყანამ ერთხმად უნდა დაადასტუროს. 

როგორც გამოცემა წერს, ჯონსონის კანდიდატურას მოემხრობიან ბალტიისპირეთის ქვეყნებიც. ასევე აღნიშნულია, რომ პუტინის წინააღმდეგ ალიანსის შეკვრა პირადად მას მიეწერება. 

იენს სტოლტენბერგი, რომლის მიერ თანამდებობის დატოვება უკრაინაში ომის დაწყების შედეგად გადაიდო, პოსტს სავარაუდოდ მომდევნო წლის სექტემბერში დატოვებს. 

გამოცემის თქმით, დიდი ხანია რაც ბრიტანელ კანდიდატებს მხარს უჭერს აშშ, რადგან არ ენდობიან ევროკავშირის ფიგურებს, რომლებმაც არაერთხელ ახსენეს ევროკავშირის არმიის შექმნის შესაძლებლობა.

The Telegraph-თან ბორის ჯონსონის მხარდაჭერა რამდენიმე პარლამენტარმა გამოთქვა, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების საპირისპირო პოზიციაც დაფიქსირდა.

ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაურის, ლორდ რიჩარდ დანატის თქმით, ის მხარს ვერ დაუჭერდა ჯონსონს ამ თანამდებობაზე. როგორც მან აღნიშნა, ჯონსონმა ბევრი კარგი რამ გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად, თუმცა მისი პიროვნულობის გამო ვერ ენდობა და მას "ეროვნულ სირცხვილს" უწოდებს.

გასულ თვეში ბორის ჯონსონს კონსერვატიული პარტიის ლიდერობის დატოვება მოუწია, მას შემდეგ, რაც მას პარტიაში მაღალჩინოსნებისა და მინისტრთა ნაწილმა უნდობლობა გამოუცხადა. ის სექტემბერში პრემიერმინისტრის თანამდებობასაც დატოვებს. ამჟამად მისი ჩამნაცვლებლის კანდიდატებად რიში სუნაკი და ლიზ თრასი განიხილებიან.

კომენტარები