ევროკავშირი-საქართველო

სტანო ოცნებას: შეუსრულებელი ამბიციების გადაბრალება ადასტურებს, EU-ს გასაგებად მეტი დრო გინდათ

პიტერ სტანო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თანაშემწე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა განყოფილების წამყვანი სპიკერი და ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო ეხმაურება ქართული ოცნების წევრების მხრიდან საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართ რიტორიკას.

"საქართველო: ევროკავშირის რეფორმებისა და დღის წესრიგის განხორციელება არის ადგილობრიცი პოლიტიკოსების ამოცანა. შენს მიერ შეუსრულებელი ამბიციების სხვისთვის დაბრალება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გჭირდებათ მეტი დრო, რათა გაიგოთ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა ევროკავშირი-საქართველოს დასაკავშირებლად". – წერს სტანო საკუთარ Twitter-ზე. 

გასულ დღეს, მას შემდეგ, რაც კარლ ჰარცელს ევროკავშირის ელჩის ვადა გაუვიდა და თანამდებობა დატოვა, მასთან დაკავშირებით უარყოფითი კომენტარები გააკეთეს ქართული ოცნების წევრებმა: ირაკლი კობახიძემ, მიხეილ სარჯველაძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ. 

როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, პარტიაში ჰარცელზე კომენტარის გაკეთებას ერიდებოდნენ, სანამ ის მოქმედი ელჩი იყო. მისი თქმით, ჰარცელი "მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში".

ქართული ოცნების დეპუტატმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ჰარცელს "შეეძლო, უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო".

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, არც ის არის კარლ ჰარცელით "მაინცდამაინც კმაყოფილი", რადგან ის "ხშირ შემთხვევაში" თავს ზედმეტის უფლებას აძლევდა, "ღიად" და "უმართებულოდ" აკრიტიკებდა მაღალი თანამდებობის პირებს.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. მან ცოლთან ერთად, გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაწერა და ქართველ ხალხს დაემშვიდობა.

კომენტარები