საქართველო-ევროკავშირი

"საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი" – კარლ ჰარცელი დიპლომატიურ მისიას ასრულებს (VIDEO)

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. მან ცოლთან ერთად, გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაწერა და ქართველ ხალხს მიმართა.

დადგა ის დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო  უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის.

არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი.

საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ  ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის. 

გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს, და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. თქვენ ალბათ  იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა.

მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ  ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. 

თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია. და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ.

მომავალ შეხვედრამდე. ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის!

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკის კანდიდატურა წარადგინა. კარლ ჰარცელის შემცვლელი თანამდებობაზე მასპინძელი ქვეყნის მთავრობის თანხმობის შემდეგ დაინიშნება.

პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. ის ასევე მსახურობდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩად.

კომენტარები