სირია

სირიამ უკრაინასთან გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა, რომელიც კიევმა 30 ივნისს გაწყვიტა

ბაშარ ალ-ასადის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დამასკოში, 2020 წლის 7 იანვარი.
Alexei Druzhinin/Sputnik

სირიის სამთავრობო მედია SANA ავრცელებს ინფორმაციას, რომ სირიის არაბულმა რესპუბლიკამ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ანალოგიური ნაბიჯის შესაბამისად მიიღეს.

სირიის ნაბიჯი მხოლოდ დიპლომატიური ჟესტია, რადგან აქამდე, 30 ივნისს კიევმა დამასკოსთან თავად გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა, მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობა" აღიარა

30 ივნისს უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა მხოლოდ საკონსულოების დონეზე არ გაწყვიტა, ვენის საკონსულო ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. ამას გარდა, უკრაიანმ დაიწყო სირიისთვის ემბარგოს დაწესების პროცედურისა და სირიელი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის სანქციების დაწესების ინიცირება.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

სირიას აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობაც. 

სირიასა და რუსეთის ფედერაციას ახლო ურთიერთობა აქვთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2015 წელს სირიის სამოქალაქო ომში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის მხარეს ჩართვა გადაწყვიტა. რუსეთის დახმარებით ასადის რეჟიმმა დიდ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა შეძლო.

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა ჩრდილოეთ კორეამაც, რის შემდეგაც კიევმა ფხენიანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

კომენტარები