თავდასხმა ვატო წერეთელზე

ადვოკატი: ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, წერეთელი პროკურატურაშია დაბარებული

აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძება დაიწყო და ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარა. ინფორმაციას მისი ადვოკატი, კახა წერეთელი ავრცელებს. 

"დაწყებულია გამოძიება ძალადობის ფაქტზე. მოწმის სახით, რა თქმა უნდა, დაბარებულია ბატონი ვახტანგი. მასაც, ბუნებრივია, აქვს სურვილი, რომ სრული სურათი აღუწეროს გამოძიებას. შესაბამისად, დღეს 18:00 საათზე გამოვცხადდებით პროკურატურაში და მივცემთ დეტალურ განმარტებას". - ამბობს კახა წერეთელი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს მიმართავს, პროკურატურას კამერების ჩანაწერი გადასცენ. 

"პროკურატურას მოუწია საქმის აღძვრა. ასევე მოუწევს ყველა დამნაშავის გაშვება ციხეში, იქ არ იყო მარტო ოხანაშვილი. მათი [ციხეში გაშვება], ვინც განახორციელა ჯგუფური თავდასხმა. აშშ-ს საელჩოს კიდე ერთხელ მივმართავ - ნუ გახდებით თანამომაწილე, აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიაწოდეთ პროკურატურას მასალები, რომ გასაჯაროვდეს ძალადობის კადრები". - ამბობს წერეთელი.  

ტაბულა პროკურატურას დაუკავშირდა - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ვატო წერეთლის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. 

ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. 

თავად ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს. ოხანაშვილი ამბობს, რომ წერეთელმა მას ყურში "უბინძურესი სიტყვები" უთხრა. ოცნების დეპუტატი არ უარყოფს, რომ ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს დაარტყა, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი რეაქცია "პროპორციული და ადეკვატური" იყო. მმართველი პარტიის სხვა წევრები ძალადობას ამართლებენ და ამბობენ, რომ ოხანაშვილის ადგილას თავადაც მსგავსად მოიქცეოდნენ.

კომენტარები