თავდასხმა ვატო წერეთელზე

მდინარაძე ოხანაშვილზე: ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა

მე ვიცი დეტალები და ახლაც რთულია ჩემთვის ამ დეტალებიდან გამომდინარე თავის შეკავება, იმიტომ, რომ ადამიანი ვარ ჩვეულებრივი და ერთადერთს იმას ვიტყვი, რომ მეც ჩემს კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში - ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. რთული იქნებოდა ესეც კი, იქიდან გამომდინარე, რაც პროვოკატორმა იკადრა - "ერთი წუთით, თუ შეიძლება, ბატონო ანრი, რაღაც უნდა გითხრათ" და შემდეგ ჩაჩურჩულება, მინიშნებითაც რომ ვერ გავიმეორებ, ისეთი 1-2 წინადადების, საქართველოში ვცხოვრობთ, მოდი ახლა სიმართლე ვუთხრათ საკუთარ თავსაც და საზოგადოებას - რისი მოთმენაც არათუ ქართველ კაცს და ქალს, ამ სამყაროში ნებისმიერ ადამიანს უკიდურესად გაუჭირდებოდა. თუმცა, ანრიმ მოახერხა, კანონის ჩარჩოებიდან არ გასულიყო და ამ სიბილწეს, ამაზრზენ სიტყვებსა და წინადადებას, სიბილწის ხერხით მუქარას უპასუხა ისე, როგორც უპასუხა და თან კანონის ჩარჩოებში დარჩა. ურთულესი იყო, დამერწმუნეთ და ცოტა რთულია ამაზე საუბარიც კი.

ამბობს იმედთან ინტერვიუში ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. ვატო წერეთლის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები