სოსო გოგაშვილის დაკავება

გოგაშვილის ადვოკატი: ლოყა აქვს შეშუპებული, კიდურებზე და ფეხებზე დაზიანებები აღენიშნება

რამაზ ჩინჩალაძე
კადრი ვიდეოდან/ MTAVARI

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაკავებული ყოფილ მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ყოფილ მაღალჩინოსანს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მისი თქმით, აღნიშნული დაზიანებები გოგაშვილს განზრახ მიაყენეს. 

ადვოკატი ამბობს, არ არის გამორიცხული, რომ გოგაშვილი სამედიცინო შემოწმებაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანონ. 

"დაზიანებები რა თქმა უნდა რეალურად აღენიშნება. სახის არეში საგრძნობლად შეიმჩნევა, რომ ლოყა აქვს შეშუპებული. ასევე, ხელებზე, კიდურებზე დაზიანებები აქვს იდაყვის არეში და ასევე ფეხებზეც აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. ფიზიკურად მოხდა ორჯერ დაზიანების მიყენება. ერთხელ სახის არეში, ხოლო მეორედ წელის არეში, როდესაც ფეხის დარტყმის შედეგად მოხდა დაზიანების მიყენება, როდესაც როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, მასზე ცდილობდნენ უკან შებოჭილ ხელებზე რომ მოეხდინათ დაფიქსირება სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღებისა, რომლის ამოღებაც შემდეგ განხორციელდა მისი ბინის ჩხრეკის შედეგად".- ამბობს ჩინჩალაძე. 

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, სავარაუდოდ, ბრალს დღეს წარუდგენენ. 

15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა – ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა". 

15 ივლისს სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე საუბრობს და ქართულ ოცნებას მიმართავს, რომ პარტიამ მას აქამდე მათ მიერ "გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეატენა". გოგაშვილი ასევე წერდა, რომ "ახალ მოხარშულ სიმყრალესაც" მას ვეღარ "შეტენიდნენ". 

13 ივლისს ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობმა) გაავრცელა "სკანდალური ჩანაწერი", რომელიც ასახავს მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ერთ-ერთი სიუჟეტის შესახებ. ჩანაწერში ახსენებენ სოსო გოგაშვილსაც. ფიგურანტი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა. მომდევნო დღეს, 14 ივლისს, უცნობის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები