ევროკავშირი

ფონ დერ ლეიენი აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხზე ბაქოს ესტუმრება

ურსულა ფონ დერ ლეიენი
ფოტო: ft.com

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ბაქოში გაემგზავრება, რათა აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირი მიიღოს. მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს, შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე. 

"ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია ევროკავშირის პრიორიტეტია. თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, პრეზიდენტი ფონ დერ ლეიენი და კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში იქნებიან ". - ვკითხულობთ ევროკომისიის განცხადებაში.

Reuter-ის ინფორმაციით, კომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა შეთანხმება აზერბაიჯანთან, რათა გაზარდოს ბუნებრივი აირის იმპორტი და მხარი დაუჭიროს მილსადენის გაფართოებას. ევროკავშირის მთავრობები უკვე შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ეტაპობრივ ემბარგოზე.

მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას კვლავ აგრძელებს, ამიტომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს [გაზის] იმპორტის შესამცირებლად. 

30 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ. სანქციების საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირისთვის რუსული გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა: პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც "არამეგობრულ ქვეყნები" რუსული გაზის შეძენას მხოლოდ რუბლში შეძლებენ. კანონი ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა. რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ გაზპრომმა ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს

კომენტარები