რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერაშენკო: უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას 10 წელზე მეტი დასჭირდება

ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას 10 წელზე მეტი დასჭირდება. 

"უკრაინა ახლა ნაღმებით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქვეყანაა მსოფლიოში. სახმელეთო ნაღმებს კვლავ ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ნაღმებისგან უკრაინის ტერიტორიის გაწმენდას შესაძლოა 10 წელზე მეტი დასჭირდეს. ეს პროგნოზი ოპტიმისტურია, რადგან ძნელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შეფასება". - წერს გერაშენკო Twitter-ზე. 

აქამდე, ჩერნიგოვის ოლქში, პრილუკში ერთ-ერთ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა სასწრაფოს მანქანა, რომელსაც ოჯახი გადაჰყავდა - მშობლები დაიღუპნენ, შვილები კი მძიმედ დაშავდნენ. 

პროკურატურის განცხადების მიხედვით, მშობლები ადგილზე დაიღუპნენ. მათი 1995 და 2008 წელს დაბადებული შვილები კი რეანიმაციაში არიან - დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები