აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13 მაისს საუდის არაბეთში ჩავიდა, რითაც მან სპარსეთის ყურეში დაგეგმილი 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტების სერია დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ტრამპი Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორთან და თავის მრჩეველთან, ილონ მასკთან ერთად რიადში საუდი-აშშ-ს საინვესტიციო ფორუმზე მივა, საიდანაც 14 მაისს იგი კატარში გაემგზავრება, ხოლო 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავა.
"მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკა ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედად რჩება, საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობები [საუდის არაბეთის] სამეფოში გაფართოვდა და მრავალჯერ გამრავლდა". - თქვა საუდის არაბეთის ინვესტიციის მინისტრმა ფორუმის გახსნისას.
"შედეგად... როდესაც საუდელები და ამერიკელები ძალებს გააერთიანებენ, ძალიან კარგი რაღაცები ხდება". - აღნიშნა მან ტრამპის ვიზიტის დაწყებამდე.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტრამპთან ერთად საუდის არაბეთსა და კატარში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც იქნება. თუმცა, 14-16 მაისს რუბიო თურქეთში გაემგზავრება, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალურ შეხვედრაზე დასასწრებად.
თავის მხრივ, ტრამპმა თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ჩასვლის მზადყოფნა 12 მაისსაც გამოთქვა. ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით, "ხუთშაბათის შეხვედრამ თურქეთში, რუსეთსა და უკრაინას შორის, შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს".
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. პუტინის ინიციატივის საპასუხოდ კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდება.





