ევროს კურსი

უკანასკნელ 20 წელში პირველად, ევრო დოლართან მიმართებით პარიტეტზეა – მიზეზები და პროგნოზები

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ.

2022 წლის დასაწყისში 1 ევრო 1.137 დოლარის ექვივალენტი იყო. მოგვიანებით, მაჩვენებელი $1.1495 გაიზარდა. თუმცა, ამას 13 მაისს მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა და ევროს დოლარში ღირებულება $1.035-მდე შემცირდა.

ამის შემდეგ, ივნისის დასაწყისი ევროს ღირებულება დოლართან მიმართებით კვლავ გაიზარდა და $1.065 შეადგინა. თუმცა, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელოვნურმა ჩარევამ გამოიწვია ის, რომ დღეს ევრო დოლართან მიმართებით უკანასკნელი 20 წლის მინიმუმზეა - €1 = $1.01.

ეკონომისტები ამას მზარდი ინფლაციის რეკორდულ მაჩვენებელსა და ეკონომიკური ზრდის შენელებას უკავშირებენ. უკანასკნელი მაკროეკონომიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ევროზონის ეკონომიკა არც ისე კარგად მუშაობს.

ევროზონის ეკონომიკის სისუსტე, პირველ რიგში, ენერგიისა და დიდი რაოდენობით სესხების გაცემითაა გამოწვეული. წლის დასაწყისში, მსოფლიო პანდემიის გამო, ეკონომიკური მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი უკვე დარღვეული იყო, ხოლო თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა საკვების, საწვავისა და ენერგიის ფასები კიდევ უფრო გაზარდა.

სამომხმარებლო ფასების ინდექსით გაზომილმა ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 8.6%-ს მიაღწია. ინფლაციის ზრდაში მთავარი როლი კი ენერგორესურსებზე მომატებულმა ფასებმა ითამაშა. შიშმა, რომ რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას გაზის მიწოდებას საბოლოოდ შეუწყვეტს, ბუნებრივი აირის ფასი გაზარდა, რამაც, საბოლოოდ, რეცესიის შიში გააძლიერა.

ING-ის ანალიტიკოსების აზრით, 2022 წლის მე-2 და მე-3 კვარტლებში დოლარი ევროსთან მიმართებით $1.05-იან კურსს შეინარჩუნებს, მე-4 კვარტალში ის $1.08-მდე გაიზრდება, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში 1 ევრო $1.1-ის ეკვივალენტური იქნება.

ING-ის ევროს უახლეს პროგნოზში ნათქვამია, რომ გრძელვადიანი ინფლაციის პროგნოზების ფონზე, ევროპის ცენტრალურმა ბანკის მიერ, ივნისში, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, უკვე დაგვიანებული ნაბიჯი იყო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გასულ კვირას გერმანიაში საქონლის სავაჭრო დეფიციტი 1991 წლის შემდეგ პირველად შეიქმნა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ენერგორესურსების ფასების ზრდისგან გამოწვეული ხარჯებია, ხოლო მეორე მხრივ, შეფერხებული ექსპორტი. 

"გერმანიის ექსპორტის ბუნების გათვალისწინებით, რომელიც მგრძნობიარეა საქონლის ფასებზე, ძნელი წარმოსადგენია, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში სავაჭრო ბალანსი შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით, ევროზონის ეკონომიკის მოსალოდნელი შენელების გათვალისწინებით". - ნათქვამია Saxo Bank-ის გაცვლითი კურსის ანალიტიკოსების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

მოკლედ: ევრო დოლართან მიმართებით უფასურდება, რადგან რეგიონში ეკონომიკური პროგნოზები სულ უფრო და უფრო უარესდება. მზარდი ინფლაცია და ენერგეტიკული დაუცველობა რეცესიის შანსებს ზრდის, რამაც, შესაძლოა, შეზღუდოს ევროპის ცენტრალური ბანკის შესაძლებლობა, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი ისეთ მსხვილ ბანკებთან შედარებით, როგორიც, მაგალითად აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკია.

ევროპის ცენტრალური ბანკის დილემა შემდეგია - უნდა გაზარდოს თუ არა საპროცენტო განაკვეთი ვალუტის გასამყარებლად და ინფლაციის შესაკავებლად, რომელიც, მეორე მხრივ, მოსალოდნელი რეცესიის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს? 

კომენტარები