რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: 2014 წლისგან განსხვავებით, უკრაინა საინფორმაციო ომს იგებს

Nikolay Doychinov/AFP/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, 2014 წლისგან განსხვავებით, მისი ქვეყანა საინფორმაციო ომს იგებს. ამის შესახებ მან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კულებამ აღნიშნა, რომ 24 თებერვლის შემდეგ ომის შესახებ სწორი ინფორმაციის გასავრცელებლად, უკრაინის მთავრობამ სოციალურ ქსელებში უცხოელებისთვის ოფიციალური გვერდები: Ukraine.ua და war.ukraine.ua შექმნეს.

"ჩვენ დავითვალეთ რეაქციების რაოდენობა, ამ საიტების გაშუქება და ეს შთამბეჭდავია. ფართომასშტაბიანი ომის 140 დღის განმავლობაში Ukraine.ua 600 მილიონზე მეტ ადამიანს მიწვდა მსოფლიოში. აქედან 91 მილიონი ივნისში იყო და ეს 21%-ით მეტია, ვიდრე მაისში. ომის შედეგად გადაღლილობის მიუხედავად, ჩვენი კომუნიკაცია კიდევ უფრო ძლიერდება". - აღნიშნა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა 2014 წლისგან განსხვავებით,რუსული აგრესიის მიმართ ხალხის ყურადღების მიქცევას ახერხებს.

"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და სიმართლე ვთქვათ, ასევე გამოვიყენებთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რათა ავუხსნათ მსოფლიოს რა არის უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რატომ არის თავისუფლება ჩვენი სახელი. ჩვენ ვამბობთ ჩვენს ამბავს იმის ნაცვლად, რომ ჩვენზე თქვან. 2014 წლისგან განსხვავებით, საინფორმაციო ომს ვიგებთ. რა თქმა უნდა, უცხოეთში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც რუსულ ტყუილებს დაიჯერებენ, თუმცა ზოგადად, ხალხის კრიტიკული მასა უკრაინის მხარესაა. ეს პრეზიდენტ ზელენსკის მთელი გუნდის დიდი მიღწევაა". - თქვა კულებამ.

კომენტარები