რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კულება: მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიციის საბოლოო წერტილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამორიცხა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინის ტერიტორიის დათმობა და აღნიშნა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ დროისთვის არ მომდინარეობს.

"უკრაინის ამოცანა ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობისა და აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში სუვერენიტეტის სრულად აღდგენა. ეს არის ჩვენი საბოლოო პოზიცია მოლაპარაკებებზე. [...] ამჟამად, რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მისი უწყვეტი აგრესიის გამო, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის არ მიმდინარეობას".– ამბობს კულება.

უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაეროს წარმომადგენლებს შორის სტამბულში გასამართ მოლაპარაკებების წინ კულებამ აღნიშნა, რომ ძალიან ახლოსაა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ გაგრძელდეს რუსეთის მიერ ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტი უკრაინიდან.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები