რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსების შეტევა რამდენიმე მიმართულებით შევაჩერეთ

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ცდილობდნენ.

"ხარკოვის მიმართულებით მტერი თავდაცვით ოპერაციებს ატარებს და გარკვეულ რაიონებში ტაქტიკური ვითარების გაუმჯობესებას ცდილობს. დემენტიევკასთან ჩვენმა დამცველებმა ორჯერ მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმა და უკუაგდეს ის". - წერია განცხადებაში.

სლავიანსკის მიმართულებით, უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, დამპყრობლები ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობენ.

"ბუჟის სამხრეთით, ველიკოიე არტაკოვოს დასახლების მიდამოში მტრის ქვედანაყოფები შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ცდილობდნენ. უკრაინელმა ჯარისკაცებმა სწრაფად აღკვეთეს ეს მცდელობა და განდევნეს დამპყრობლები". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

    კომენტარები