საქართველოს მთავრობა

თითოეული დასაქმებულისთვის თავისუფალი სივრცე უნდა იყოს მინიმუმ 2მ​² – მთავრობის დადგენილება

Getty Images

მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დამსაქმებელს ავალდებულებს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილოს

კანონი დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრებს ითვალისწინებს: თითოეული დასაქმებულისთვის თავისუფალი სივრცე უნდა იყოს მინიმუმ 2მ​2. მამაკაცებისა და ქალებისთვის საპირფარეშოები უნდა იყოს გამიჯნული.

კანონის მესამე მუხლით განსაზღვრულია, ზოგადი მოთხოვნები სამუშაო სივრცისადმი:

  •  არსებობის შემთხვევაში, მუდმივად შენარჩუნდეს საევაკუაციო გასასვლელები და მათკენ მიმავალი გზები, წინაღობებისა და დაბრკოლებების გარეშე.
  • უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სივრცეში არსებული მოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობა
  • უზრუნველყოს უსაფრთხოების მოწყობილობებისა და დამცავი აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება და შეკეთება, მოახდინოს რისკების პრევენცია და გაატაროს საფრთხეების აღმოფხვრისთვის აუცილებელი ღონისძიებები
  • რეგულარულად დაასუფთაოს სამუშაო სივრცე, სამუშაო მოწყობილობები და დანადგარები, ასევე სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული სხვა ადგილები, იმგვარად, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილები იყოს მუდმივად სუფთა.

ახალი რეგლამენტი, ასევე, ითვალისწინებს სამუშაო სივრცეში იატაკის, კედლების, ჭერის, სახურავის, კარის, ფანჯრებისა და სარკმლის მდგომარეობას. 

დადგენილება დასაქმებულის ინფორმირებულობასაც ეხება: დამსაქმებელი ვალდებულია, შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დასაქმებულისათვის ან/და მათი წარმომადგენლებისათვის, კონტრაქტორებისათვის ან  სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი სხვა პირისათვის ინფორმაციის მიწოდება პოტენციური რისკების, ასევე იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები