5 ივლისის ძალადობა

მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა – ქარტია

ტაბულა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, საქართველოში მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა, ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია. 

"აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას.  ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება". – წერს ქარტია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუკავებია 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორები. 2021 წელს Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა.  პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები.  მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 53 ჟურნალისტი.

კომენტარები