5 ივლისის ძალადობა

5 ივლისის ძალადობაზე Tbilisi Pride-ის სარჩელი სტრასბურგმა განსახილველად მიიღო – GDI

ტაბულა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ცნობით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) GDI-ის საჩივარი Tbilisi Pride-ის საქმეზე განსახილველად მიიღო და აღნიშნა რომ საქმეს შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიენიჭოს.

კერძოდ, საქმე ეხება 5 ივლისს ჩადენილ ჰომოფობიური ძალადობას, თავდასხმებს და მუქარას LGBTQI+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ. შესაბამისად, საჩივრით მოსარჩელეები ითხოვენ ხელისუფლების უმოქმედობის და არაეფექტური რეაგირების გამო კონვენციით გარანტირებული უფლებების, კერძოდ კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის დადგენას.

"აღსანიშნავია, რომ სასამართლომ საქმე ყველა მუხლთან მიმართებით დააკომუნიცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა 2022 წლის 13 ოქტომბრამდე ვალდებულია გასცეს პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს საჩივარში წამოჭრილ ყველა საკითხის ირგვლივ. მათ შორის,  სასამართლოს აინტერესებს, ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების  განცხადებებმა ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 2021 წლის 5 ივლისს და რამდენად შეასრულა სახელმწიფომ მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები. ამასთანავე, სასამართლომ დააკმაყოფილა GDI-ს  შუამდგომლობა და მთავრობას დაავალა,  5 ივლისის უსაფრთხოების გეგმისა და შიდა მასალების წარმოდგენა, რომელიც ეხება შსს-ს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას სადავო მოვლენების (2021 წლის 1-ლი და 5 ივლისის) წინ". – ნათქვამია GDI-ის განცხადებაში.

დღეს, ერთი წლის თავზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დასრულებულია, თუმცა პასუხისგებაში არაა მიცემული ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული – მინიმალური სანქციები შეეფარდათ. 

საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუკავებია 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორები. 2021 წელს Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა.  პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები.  მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

კომენტარები