დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

ჩრდილოეთ კორეა: მზარდი საფრთხის ფონზე, საჭიროა სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება

KCNA/Reuters

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება დაგმო და განმარტა, რომ მზარდი საფრთხის ფონზე, შესაძლოა, ფხენიანს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება დასჭირდეს.

"აღნიშნული სიტუაცია ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებას მოითხოვს, რათა გავუმკლავდეთ კორეის ნახევარკუნძულსა და დანარჩენ მსოფლიოში მზარდ საფრთხეს". - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ჩრდილოეთ კორეამ 2022 წელს უკვე 16-მდე რაკეტა გამოცადა. ასევე, 2017 წლის შემდეგ პირველად კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაც დაიტესტა. აშშ-ს ოფიციალური პირების ცნობით, ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების ზღვარზეა.

"რეალობა ნათლად აჩვენებს, რომ აშშ-ს ჭორების გავრცელება ჩრდილოეთ კორეის საფრთხეზე მიზნად ისახავს, აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში მის [აშშ-ს] სამხედრო უპირატესობის ლეგიტიმაციას". - აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

სამინისტროს განცხადებაში არ არის განმარტებული, თუ როგორ გაიზრდება სამხედრო შესაძლებლობები. თუმცა, ეს საკითხი აშშ-ს, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერებს შორის, NATO-ს სამიტის ფარგლებში, სამმხრივ შეხვედრას შეეხო. ლიდერებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ მათი მიზანი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხესთან გამკლავებისთვის თანამშრომლობის გაძლიერებაა.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი საერთო სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. წვრთნების მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კორეის შეკავებაა, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას ცდილობს. 

ჩრდილოეთ კორეა რეგიონში აშშ-ს ხელმძღვანელობით სამხედრო წვრთნებს, განსაკუთრებით სამხრეთ კორეასთან ერთად, განიხილავს, როგორც შეჭრისთვის მომზადებას, თუმცა ვაშინგტონმა და სეულმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმა განზრახული არ აქვთ.

კომენტარები